


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე
ყოველი წლის 20 მარტს საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის, შვეიცარიის საელჩოსა და საქართველოს ყველა ფრანკოფონის მიერ აღინიშნება ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღსანიშნავად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ფრანგულენოვანი კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. 18-25 წლის სტუდენტებისთვის გამართული ინდივიდუალური კონკურსის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეგნატე მეტრეველი გახდა, რომელმაც თავისი ნაშრომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან ჯაშის ინიციატივით წარადგინა კონკურსზე. იგი ზაფხულში საფრანგეთში გაემგზავრება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი, ფრანკოფონიის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, ფრანგულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტები.
საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფრანგული ენის გამორჩეული მასწავლებელი საფრანგეთში სტაჟირების გავლით დააჯილდოვეს. გარდა ამისა ფრანგულმა ინსტიტუტმა სპეციალური საჩუქრები გადასცა „ფრანკოფონია 2013-ის კონკურსებში“ გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ იმ ტრენერებსაც, რომლებმაც პედაგოგების გადასამზადებლად სპეციალურ ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა.
ფრანკოფონია ციფრებში:
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას (მათ შორის საქართველოს), შესაბამისად გაეროს წევრი ქვეყნების ერთ მესამედს.
ფრანგულ ენაზე ხუთივე კონტინენტზე 220 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს.
ფრანგულენოვანი მოსახლეობა ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ.
ფრანკოფონიის დღეები ყოველწლიურად აღინიშნება და წელს ის 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.