


ფრანკფურტელი კოლეგები ილიაუნიში
3-4 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ფაკულტეტის ქართველი კოლეგები, პროფესორი მანანა თანდაშვილი და დოქტორი ზაქარია ფურცხვანიძე. უცხოეთში მოღვაწე კოლეგებთან შედგა ლინგვისტური კვლევების პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები. ჩატარდა სამი სემინარი.
ზაქარია ფურცხვანიძე დღეს ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერია, რომლის ინტერესის სფერო კორპუსის ლინგვისტიკა და ინფორმაციის სტრუქტურირების საკითხებია. ილიას უნივერსიტეტში მისი სემინარებიც ამ მიმართულებით წარიმართა, ზაქარია ფურცხვანიძემ სტუდენტებსა და პროფესორებს წარუდგინა ორი მოხსენება:
· კორპუსის ლინგვისტიკის უპირატესობები
· ინფორმაციის სტრუქტურა და სემანტიკური მაკროროლები
პირველი სემინარი ეხებოდა ლინგვისტურ კორპუსთა გამოყენებას, ემპირიული მასალის მოძიებასა და ჩართვას კვლევაში, რაც განსაკუთებით სტუდენტებისთვის იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საინტერესოდ წარიმართა მეორე სემინარიც, რომელმაც კამათი და აზრთა გაცვლა გამოიწვია, ვინაიდან ინფორმაციის სტრუქტურირების კვლევა ახალი მიმართულებაა საქართველოში.
თანამემამულე კოლეგებმა ასევე მოისმინეს ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის იზაბელა ქობალავას მოხსენება მეგრული ულა „სვლა“ ზმნის სემანტიკური ანალიზი. ვინაიდან ფუნქციური კვლევის ტრადიცია საქართველოში არ არსებობს, ამ მიმართულებით ფრანკფურტელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა ფრიად მნიშვნელოვანია.