


ფილოსოფიური და სოციალურ-თეორიული ასპექტები
2 აგვისტოს აბასთუმანში გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „ძირითადი თავისუფლებების ფილოსოფიური და სოციალურ-თეორიული ასპექტები”. საზაფხულო სკოლის მუშაობაში ილიაუნის 30 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სკოლის ფარგლებში ქართველ კოლეგებთან ერთად ლექციები წაიკითხეს ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ სპეციალურად ამ მიზნით მოწვეულმა უცხოელმა პროფესორებმა: ვალტერ იეშკემ (გერმანია, ბოხუმი), ნიკლაუს ლარგიერმა (აშშ, ბერკლი) და დოქტორმა სტეფენ ციმერმანმა (გერმანია, ბონი). მუშაობა წარიმართა სალექციო და სასემინარო ფორმატში. სტუდენტებმა დღის მანძილზე ორი სხვადასხვა პროფესორის ლექციების ინტენსიური კურსი მოისმინეს, ასევე ჩატარდა სასემინარო მუშაობა. დღე დისკუსიებში დასრულდა.
ამ პროექტის მიზანი იყო ფილოსოფიური კვლევების პოპულარიზაცია სტუდენტებში. ჩვენება იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინტელექტუალური გამოცდილება დღევანდელობისთვის რელევანტური და აქტუალური შეიძლება იყოს.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად გამოხატული ინტერესი ფილოსოფიის და ზოგადად სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. სკოლაში მონაწილე სტუდენტებს შორის იყვნენ როგორც ბაკალავრები, ასევე მასგიტრანტები და დოქტორანტები.