


ევროპული გრანტი კარიერის განვითარებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გრიგოლ ღოღობერიძემ მარია კიურის შიდაევროპული გრანტი (Marie Curie Intra-European Fellowships for Career Development (IEF) მიიღო.
ეს არის ინდივიდუალური შიდაევროპული გრანტი კარიერის განვითარებისთვის, საერთო ბიუჯეტით 250 000 ევრო.
ევროკავშირის დაარსების შემდეგ შეიქმნა საერთო თეორიული და გამოყენებითი მეცნიერების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ტიპის ტრანსევროპული ან/და ტრანსნაციონალური პროექტები. მათგან ერთ-ერთია მარია კიურის გრანტი. დღესდღეობით ის განიხილება, როგორც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური გრანტი.
მარია კიურის გრანტი გაიცემა ყოველწლიურად მეცნიერების ყველა დარგში. წელს ამ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, ასტროფიზიკოსი გრიგოლ ღოღობერიძე. იგი ამჟამად მუშაობს ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში უფროსი მკვლევრის თანამდებობაზე.
მარია კიურის გრანტის ფარგლებში გრიგოლ ღოღობერიძე იმუშავებს პროექტზე, რომლის სახელწოდებაა ”მზის ქარში მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის კასკადის ტემპის შესწავლა” ("Cascade rates of magnetohydrodynamic turbulence in the solar wind"). პროექტი სავარაუდოდ განხორციელდება კალაბრიის უნივერსიტეტის პლაზმური ასტროფიზიკის ჯგუფში 2 წლის განმავლობაში.