


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაცია 12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ სტუდენტებს სტივ ბრედი - სადამკვირვებლო კომისიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი ესაუბრა. მისი განცხადებით, 2008 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი აწარმოებს პატრულირებას დღე-ღამის განმავლობაში; ისინი განსაკუთრებით აკვირდებიან ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიას. მისიის მანდატი მოიცავს მდგომარეობის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია და სტუდენტებმა მოისმინეს კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) არის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს და აგვისტოს ომის შემდეგ იგი აკვირდება რუსეთ-საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას.