ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროკავშირის რეგულაციები: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ახალი ამბები

5 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, PPRTC/EPRC ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, EPRC-ის მონიტორინგის პროგრამების მენეჯერმა, ირინა გურულმა, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირის რეგულაციები: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

ქალბატონმა ირინამ ზოგადად მიმოიხილა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ არსებული პოლიტიკის განვითარების ეტაპები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ სფეროში დღეს არსებულ ვითარებას და ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც ამ მიმართულებით გააჩნია კანონმდებლობას. ირინა გურულმა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ევროკავშირში არსებულ პრაქტიკაზეც მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია და პარალელი გაავლო საქართველოსთან, ასევე გამოიკვეთა ის ნაბიჯები, რაც ამ სფეროს განვითარებისთვის არის აუცილებელი.

შეხვედრის სადისკუსიო ნაწილი დაეთმო სტუდენტთა შეკითხვებს, თუ რა შეიცვლება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ და რა სავარაუდო გავლენას მოახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

PPRTC/EPRC ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მომდევნო ლექცია გაიმართება 11 მაისს. ლექციას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე. ლექციის თემაა: „კრიზისის მენეჯმენტი“.

ბანერები