


ექსპედიცია ჯავახეთის ზეგანზე
15-18 ივნისს ეკოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა ექსპედიცია ჯავახეთის ზეგანზე - საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ნაწილში. ეს ვულკანური პლატო, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, მნიშვნელოვნად განსხვავდება დიდი კავკასიონის მთებისაგან მშრალი კლიმატით; განსხვავებულია აქ არსებული ცხოველებისა და მცენარეების სახეობებიც.
ექსპედიციას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: კავკასიის ენდემური ხვლიკების შესწავლის გაგრძელება (წინა ექსპედიცამ, რომელიც ამ რეგიონში 2009-ში ჩატარდა, რამდენიმე "თეთრი წერტილი" დატოვა) და ცხენების სინჯების შეგროვება - შემდგომი გენეტიკური კვლევისთვის: ჩვენმა ლაბორატორიამ წელს დაიწყო საქართველოს ცხენების გენეტიკური შესწავლა, რათა დახასიათდეს ჩვენთან გავრცელებული ცხენის ჯიშები. ამჟამად ვაგროვებდით "ჯავახური" ჯიშის ცხენებს და ამავდროულად მათგან საკმაოდ განსხვავებულ "დუხობორულ" ცხენებს, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთიდან ჩამოასახლეს. რამდენად იცავდნენ მაცხოვრებლები ჯიშების სისუფთავეს? - ამას გენეტიკური კვლევა გვაჩვენებს.