ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ემერიტუსის წოდების მინიჭებისადმი მიძღვნილი საღამო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საღამო, რომელიც ეძღვნებოდა პროფესორ ირაკლი ელიავასათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებას.

ბატონი ირაკლი არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ავტორი 4 მონოგრაფიის, 1 ლექსიკონის, 2 სახელმძღვანელოს, 160 სამეცნიერო ნაშრომისა. იგი გახლავთ ღირსების ორდენისა და მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი, წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე და შემდეგ დეკანი, ასევე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში ზოოლოგია-ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. 16 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც გაითავისა და გამოიყენა განათლების კანონის ინიციატივა და ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ემერიტუსი არის აკადემიური წოდება, რომელიც ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

ბანერები