ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დურუჯისპირა ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფმა 10 დეკემბერს წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" წარმოადგინა მათ მიერ ყვარლის რაიონში ახლახან აღმოჩენილი დურუჯისპირა("დოლოჭოპის") ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგები.ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნოდარ ბახტაძემ ისაუბრა აღმოჩენებსა და შესწავლის პროცესზე. ექსპედიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით  მიმდინარეობდა.

ნოდარ ბახტაძის თქმით, დურუჯისპირა ("დოლოჭოპის") ბაზილიკა ამ სამუშაოებამდე არ იყო შესწავლილი არქეოლოგიურად. ის წარმოადგენდა მდ. დურუჯის პირას,"დოლოჭოპის" უბანში, ტყეში შემორჩენილ ნანგრევებს, რომლის ფუნქციაზეც კი არ შეიძლებოდა დაბეჯითებით საუბარი. მიმდინარე წლის ამ ძეგლზე ფართო მასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების  ჩატარების შედეგად ნათელი გახდა ამ ნაგებობის სრულიად უნიკალური მნიშვნელობა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის. გამოირკვა, რომ ეს გახლავთ 5 წყვილი სვეტით სამ ნავად დაყოფილი, ნახევარწრიულ აფსიდიანი გრანდიოზული ბაზილიკა. ის საქართველოში ცნობილ ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უდიდესია და ერთ–ერთი უძველესიც – მაგალითად, ის 8 მეტრით აჭარბებს

ბოლნისის სიონის ბაზილიკის სიგრძეს და ამ ტაძარზე დაახლოებით  ნახევარი საუკუნით ადრეულიც ჩანს. გათხრებისას დადასტურებული არქაული ხუროთმოძღვრული ელემენტებიდან გამომდინარე, ეს ბაზილიკა მეტად ახლოს დგას რომაულ–ბიზანტიური ტიპის პირველ ქრისტიანულ ბაზილიკებთან და, სავარაუდოდ, მისი მოდელი სწორედ ამ საქვეყნოდ ცნობილი ტაძრებიდან უნდა იყოს გადმოღებული V ს–ის პირველ  ნახევარში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ასეთი სახის ექსპედიციებში სტუდენტების ჩართვა შემდეგ წელსაც გაგრძელდება და ეს მიიღებს ტრადიციულ სახეს –დურუჯისპირა ბაზილიკაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ბოლომდე გამოუკვლეველი ფართობები.

ბანერები