


დოქტორ რობერტ მელნიკის საჯარო ლექცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არიზონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ რობერტ მელნიკმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო მდგრადობის გამოწვევები: საჯარო პოლიტიკის როლი საქართველოში”/Challenges to a Sustainable World: Role of Public Policy in Georgia”. შეხვედრა გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით.
დოქტორი მელნიკი 2008 წლიდან მდგრადობის გლობალური ინსტიტუტის აღმასრულებელი დეკანი და მთავარი ოპერაციული ოფიცერია. მანამდე ის გახლდათ არიზონის უნივერსიტეტის მორისონის ინსტიტუტის ეკონომიკურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ვიცე-პრეზიდენტი. ის ატარებს კვლევებს ურბანიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, არის სამი წიგნისა და უამრავი საჯარო პოლიტიკის ნარკვევის/წერილის ავტორი. მელნიკი ფლობს ბაკალავრის ხარისხს დარტმუტის კოლეჯიდან და მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს არიზონის უნივერსიტეტიდან.