


ჯენიფერ ტიპტონი თბილისში
2011 წლის 6-9 მარტს თბილისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანადგომით ეწვია მსოფლიოში სახელგანთქმული განათების მხატვარი (ლაით-დიზაინერი), ქალბატონი ჯენიფერ ტიპტონი.
6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა ქალბატონ ჯენიფერ ტიპტონთან. შეხვედრას ესწრებოდნენ შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
7 და 8 მარტს „ილიაუნის” თეატრში ჯენიფერ ტიპტონმა ჩაატარა მასტერკლასი და ვორკშოპი. ღონისძიებას დაესწრო ბევრი მსმენელი, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. თბილისისა და რეგიონალური თეატრების დირექტორები, რეჟისორები, მხატვრები და სცენის გამნათებლები, ასევე თბილისის მუზეუმების თანამშრომლები. ქალბატონმა ჯენიფერმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. იეილის უნივერსიტეტის თეატრალური სკოლის პროფესორი ჯენიფერ ტიპტონი მოღვაწეობს მსოფლიოს წამყვან თეატრებთან და თეატრალურ კოლეჯებთან. მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული თეატრალური პრემია განათების მხატვრობაში.
ოპერის გენერალურმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ქალბატონი ჯენიფერი უდიდესი გამნათებელია და დღეისათვის ერთ-ერთია, ვინც ეს საქმე უმაღლეს ხარისხში აიყვანა, მან აგრეთვე გამოთქვა სიხარული, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება ისეთი უნივერსიტეტის ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი გიგი თევზაძეა, რომელიც მსგავსი ინიციატივების განხორციელებას ხელს უწყობს.
ჯენიფერ ტიპტონმა ქართველ ხელოვანებს, განათების დიზაინერებს მისეული ხედვა გაუზიარა. ტრენინგებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დაგვანახა, რომ განათება თეატრში არის არა მარტო ტექნიკური მხარე, არამედ - დიდი შემოქმედებითი პროცესი.