


ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ სარდაფში ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის მუსიკის ცენტრის თანამედროვე სიმღერის კურსისა და გოსპელ-გუნდის სტუდენტებმა, ცენტრის ლექტორების - ირინე ებრალიძის, თამთა გვარლიანის და ირაკლი კვანჭიანის ხელმძღვანელობით. წარმოდგენილი იყო გოსპელი, სოული, ჯაზი, როკი და პოპ-მუსიკა როგორც სოლო, ისე გუნდური შესრულებით.
აღნიშნულ კონცერტში მონაწილე სტუდენტები სრულებით განსხვავებული პროფესიების წარმომადგენლები იყვნენ, ისინი ერთად მუსიკის სიყვარულმა შეკრიბა. თავის მხრივ, მუსიკის ცენტრი ცდილობს, შესთავაზოს მათ არა მარტო საინტერესო, არამედ ნებისმიერი მათგანისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროგრამები და კურსები, რომელთაც მუსიკის შესაბამისი სფეროების წამყვანი ექსპერტები ასწავლიან.
მუსიკის ცენტრის შემდგომი ამოცანაა 2012-13 სასწავლო წლიდან ძირითადი (Major) პროგრამის წარმატებულად ამუშავება, რაც უნივერსიტეტის საკონცერტო ცხოვრებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.