


დელფინების ეკოლოგიის კვლევის ექსპედიცია
ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საზღვაო ექსპედიცია მოაწყო. ექსპედიციის მიზანი ზღვაში მობინადრე დელფინების ეკოლოგიის კვლევა და წყლის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა იყო.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორები: ზურაბ გურიელიძე, ბელა ჟაფოშვილი და ნათია კოპალიანი; აგრეთვე, მონაწილეობას ღებულობდა ზემოაღნიშნული ფაკულტეტის რვა მაგისტრანტი, რომელთა სამაგისტრო ნაშრომი სწორედ დელფინების ეკოლოგიას ეხება.
დააკვირდნენ ზღვაში მობინადრე ( შავ ზღვაში გავრცელებულ ) სამივე სახეობის დელფინს. ზღვაზე მოძრაობა ხორციელდებოდა კატერით, თუმცა ექსპედიციის წევრებს გასაბერი ნავის გამოყენებაც დასჭირდათ.
განსხვავებული იყო სამივე სახეობის დელფინის რეაქცია სხვადასხვა მცურავ ობიექტზე; ეს ფაქტი მომავალში დაეხმარება მკვლევარებს დელფინებზე დაკვირვების ოპტიმალური მეთოდის შერჩევაში. აღნიშნული დაკვირვების პარალელურად შეგროვდა წყლის სინჯებიც, რომლითაც განისაზღვრა ზღვის დაბინძურების ხარისხი.
ექსპედიციის წევრებს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე და პროფესორი ამირან ჯამრიშვილიც შეუერთდნენ. დელფინების ეკოლოგიის შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან შავ ზღვაში მობინადრე სამი სახეობის დელფინზე (აფალინა, თეთრგვერდა, ზღვის ღორი) დაკვირვება ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს.