ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჩვენი სტუდენტების წარმატება

ახალი ამბები

ქალაქ ბათუმის მერიის ინიციატივით, ჩატარდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ორი სტუდენტური კონკურსი: “ქ. ბათუმის წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე “ურეხი” 140 ბინადარზე” და “მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში”.

კონკურსის პირველ ეტაპზე შედგა ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინჟინრო ფაკულტეტი) არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების მოკლევადიანი სამუშაო შეხვედრა. სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები, შეისწავლეს ტერიტორია, ჩაატარეს მცირე კვლევა და შეიმუშავეს ესკიზური პროექტი; მარტის თვიდან კი, მოცემული საპროექტო დავალების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად დაიწყეს პროექტირება.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტებს განიხილავდა ქ. ბათუმის მერია და, დაინტერესების შემთხვევაში, იზრუნებდა საუკეთესო პროექტის რეალიზაციაზე (შესრულებაზე).

8 ივლისს სტუდენტებმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს შემდეგი კომპეტენტური ჟიურის წინაშე:

1. როლფ გროსენბახერი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) კონსულტანტი, არქიტექტორი, შვეიცარია; Rolf Grossenbacher, SDC/HA consultant, Switzerland;
2. ლადო ვარდოსანიძე - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი;
3. გია რამიშვილი - ბათუმის მთავარი არქიტექტორი (ჟიურის თავმჯდომარე);
4. პროფ. გოჩა მიქიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი;
5. ასოც. პროფ. ნინო იმნაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
6. ია კუპატაძე - საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
7. იოსებ ალავიძე - საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის მოწვეული სპეციალისტი, არქიტექტორი;

კონკურსზე - ქ. ბათუმის წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე “ურეხი” 140 ბინადარზე - წარმოდგენილი იყო 10 პროექტი. მათ შორის, ბერნის უნივერსიტეტიდან - 2, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - 8 პროექტი; ხოლო კონკურსზე - “მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში” - წარმოდგენილი იყო ბერნის უნივერსიტეტის 10 პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - 40 პროექტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - 2 პროექტი.

პირველ კონკურსზე (ქ. ბათუმის წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე “ურეხი” 140 ბინადარზე) საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი - ანი ალფაიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის (საინჟინრო ფაკულტეტი) მე-3 კურსის სტუდენტი;
II ადგილი - შვეიცარიის სტუდენტი Bern University of Applied Sciences
III ადგილი - დავით კაშია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის (საინჟინრო ფაკულტეტი) მე-3 კურსის სტუდენტი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები