ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჩვენი სტუდენტების წარმატება

ახალი ამბები

ამა წლის 11 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის ორმა სტუდენტმა საპრიზო ადგილები დაიკავა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსეთის, ბელორუსის, საქართველოსა და სომხეთის 100-ზე მეტი სტუდენტი და მასწავლებელი. ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს შვიდ სხვადასხვა თემაზე გამართულ მრგვალი მაგიდის კონფერენციასა და საუკეთესო ესეს კონკურსებში.

საუკეთესო ესეს კონკურსში:

• მეორე ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მარიამ მანჯიკაშვილმა, რომელსაც მეორად მიმართულებად ნიდერლანდისტიკა აქვს არჩეული.
• მესამე ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მარიამ ოდიშელიძემ, რომელსაც მეორად მიმართულებად ნიდერლანდისტიკა აქვს არჩეული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, რომლის მიზანია, ქართველი სტუდენტები დააინტერესოს ნიდერლანდური ენის შესწავლით, წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად გზავნის ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე ნიდერლანდებსა და ბელგიაში.
მარიამ მანჯიკაშვილმა და მარიამ ოდიშელიძემ ნიდერლანდური ენის კავშირისგან (Nederlandse Taalunie) მიიღეს სტიპენდია და ამ ზაფხულს გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსებზე გაემგზავრებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები