


ჩვენი გამოცემა ესპანურ პრესაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თარგმნა და გამოსცა ბასკური ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნის ავტორია პროფესორი იონ კორტასარი, მთარგმნელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი. თარგმანი განხორციელდა ბასკეთის მთავრობის კულტურის დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით. წიგნის თარგმნისას გაწეული დახმარებისათვის მთარგმნელი მადლობას უხდის ბასკური ლიტერატურის პროფესორს, დოქტორ რობერტო სერანოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს ვრცელი წერილი უძღვნა ესპანურმა გაზეთმა "El País" (15/08/2011). http://www.elpais.com/articulo/pais/vasco/universidad/Tiflis/traduce/georgiano/Historia/Literatura/Vasca/elpepuespvas/20110815elpvas_12/Tes
"ქართულენოვან მკითხველს დღეიდან შეუძლია მშობლიურ ენაზე გაეცნოს ბასკური ლიტერატურის ისტორიას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თარგმნა და გამოსცა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის ბასკური ლიტერატურის კათედრის გამგის, პროფ. ი. კორტასარის წიგნი "ბასკური ლიტერატურის ისტორია".
ი. კორტასარის წიგნი ბასკურ და ესპანურ ენებზე გამოსცა გამომცემლობამ "Ostoa" 2002 წელს. წიგნი წარმოადგენს ავტორის მრავალწლიანი შრომის შედეგს. ავტორი მიიჩნევს, რომ წიგნის ქართული თარგმანის გამოცემა მისთვის ხელახალი დაწერის ტოლფასია და, გარდა ამისა, "იზრდება მისი, როგორც აკადემიური დანიშნულების სახელმძღვანელოს მნიშვნელობაც". აღსანიშნავია, რომ მოსკოვში არსებული გამომცემლობა "Gernika" ამჟამად მუშაობს ხსენებული წიგნის რუსულ თარგმანზე.
წიგნის მთარგმნელი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი პროფესიულად დაინტერესებულია ბასკური ლიტერატურის ისტორიის სწავლებითა და კვლევით. მან ასევე თარგმნა ბასკი პოეტის, გაბრიელ არესტის პოეტური კრებული ,,ქვა და ერი” (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წ.). მთარგმნელი ამჟამად მუშაობს გაბრიელ არესტის ორი პოეტური კრებულისა და არესტის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიის თარგმნაზე (ეს უკანასკნელი ასევე პროფ. ი. კორტასარის მიერ არის დაწერილი 2003 წელს).
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ–პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი კითხულობს მე–20 საუკუნის ბასკური ლიტერატურის ისტორიის კურსს.
ბასკურ–ქართულ მთარგმნელობით ურთიერთობას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ხორციელდება, საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. კერძოდ, მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ბასკური ენის აკადემიის აკადემიკოსმა, პროფ. შაბიერ კინტანამ ბასკურ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი".
ავტორის შესახებ:
იონ კორტასარ ურიარტე (მუნდაკა, 1955) – დოქტორი, პროფესორი, ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის ბასკური ლიტერატურის კათედრის გამგე, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკული სტატიის ავტორი.
2008 წელს გალისიის PEN Club-მა მიანიჭა როსალია დე კასტორს სახელობის პრემია წარმატებული ესეისტური ნამუშევრებისათვის, ხოლო 2009 წელს კი ბისკაიის დეპუტაციამ ლაუაშეტას სახელობის პრემია.
ავტორის მრავალფეროვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია მონოგრაფიები ბასკური ლიტერატურის დარგში, კერძოდ:
a. Euskal Literatura XX. mendean (ექვსი გამოცემა, 1990-2003);
b. Teoría y práctica poética de Esteban Urkiaga, Lauaxeta (1986);
c. Luma eta lurra (1997). La pluma y la tierra (1999);
d. La narrativa vasca, hoy. Una mirada desde la postmodernidad (2003).
მისი ნაშრომები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, კერძოდ:
a. გერმანულად: Baskische literatur, Berlín, 2005, y monográfico sobre la poesía vasca en Literatur und Kritik, Salzburgo, 2009;
b. ინგლისურად: Bernardo Atxaga: Basque Literature From The End Of The Franco Era To The Present, Reno, 2007;
c. რუსულად: გამოსაცემად მზადდება ჩვენ მიერ თარგმნილი ბასკური ლიტერატურის წინამდებარე სახელმძღვანელო.
ავტორი თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია: "Reduccions", "El Boletín de Literatura Galega", "Deia", "El Correo", "El País", "Babelia".
მიწვეული პროფესორის სტატუსით ი. კორტასარი პერიოდულად კითხულობს ლექციებს შემდეგ უნივერსიტეტებში: ოჰაიო (აშშ), ტიუბინგენი (გერმანია), კიოლნი (გერმანია), ბერლინი (გერმანია), კილი (გერმანია), ოქსფორდი (დიდი ბრიტანეთი), პლატას ნაციონალური უნივერსიტეტი (არგენტინა).
ავტორის მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია:
სარედაქციო კომისიის წევრობა, რომელიც გამოსცემს "თანამედროვე ბასკური ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეულს (უკვე გამოცემულია ხუთი ტომი).
იგი ასევე ხელმძღვანელობს "ორენოვან ბასკურ ბიბლიოთეკას", საგამომცემლო სერიას, რომელიც ბეჭდავს თანამედროვე და კლასიკოსი ბასკი ავტორების ნაწარმოებებს (უკვე გამოცემულია ოცი ტომი).
იონ კორტასარი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის მეთვალყურე და ბასკურ შესწავლათა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (2005-2008 წლებში).