


”ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაცია”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ”საქართველო-სსრ კავშირის წინააღმდეგ”. განხილულ იქნა 1944 წლის სამართლებრივი ეპიზოდი: ”ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაცია”.
პროცესი მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების აკადემიური სწავლების ფორმატში, რომელიც ეფუძნება ნაციზმის წინააღმდეგ ნიუნბერგის 1945 წლის საერთაშორისო ტრიბუნალის სამართლებრივ კონცეფციას.
ცივილიზებული, სამართლიანი სასამართლო სტანდარტების, საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლოების პროცესუალურ მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შემუშავდა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცდა ამ სასამართლო პროცესის ქარტია.
ბრალდების მხარის მტკიცებით, სსრკ-ის პოლიტიკურ ელიტას ბრალი ედება ჩეჩენთა და ინგუშთა გადასახლებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ანტიადამიანურ ქმედებებში.
დაცვის მხარემ წარადგინა საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებად მოიყვანა ისტორიული ფაქტები ჩეჩენთა და ინგუშთა დეზერტირობის შესახებ. დაიმოწმა ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი თავდასხმებს სამხედრო და სახელმწიფო პირებზე, აწყობდნენ აჯანყებებს და აცხადებდნენ დაუმორჩილებლობას.
სასამართლოს წარმართავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. მან სხდომის ბოლოს ორივე მხარეს მისცა მომდევნო პროცესისათვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, კერძოდ, მოითხოვა: სასამართლოს წარუდგინონ მასალები კონკრეტული წყაროების მითითებით; მოიყვანონ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები;
ბრალდების მხარემ კონკრეტულად წარმოადგინოს, თუ რა შედეგები მოჰყვა გადასახლებას.