


CaBOL-ის ონლაინკონფერენცია ილიუნიში
ახალი ამბები
11-12 ნოემბერს CaBOL-ი გამართავს ოფიციალურ გაცნობით კონფერენციას პანდემიის გამო დისტანციური ფორმატით. ამ კონფერენციით აღინიშნება პროექტის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტი მკვლევარი და სტუდენტია ჩართული, ოფიციალური დასაწყისი; იგეგმება მსჯელობა მის მიზნებსა და ამოცანებზე, კოოპერაციაზე პროექტის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მიმდინარე კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის პირველი შედეგები.
ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი – CaBOL – კავკასიის ცოცხალი სამყაროს ბარკოდირება – ილიაუნში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მეცნიერები და სტუდენტები სამი წლის განმავლობაში ერთობლივად იმუშავებენ კავკასიის ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების კატალოგის შესაქმნელად. ილიაუნიში პროექტი შესრულდება ეკოლოგიის ინსტიტუტის, დნმ ლაბორატორიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკის ინსტიტუტების ძალებით. კავკასიაში, რომელიც მსოფლიო ბიოლოგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცხელი წერტილია და სადაც ათიათასობით ცხოველისა და მცენარის სახეობა სახლობს, CaBOL-ი გამოყოფს დნმ-ის სინჯებს არსებული სამუზეუმო კოლექციებიდან და ახლად მოპოვებული ეგზემპლარებისგან და გაშიფრავს მათ დნმ-ის სახეობათა გენეტიკური ბიბლიოთეკის / მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. ცხოველებისა და მცენარეების მზარდ კოლექციებთან ერთად ეს მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვანი რესურსი გახდება სახეობათა გამოცნობისთვის, საბაზო კვლევისა და გარემოსდაცვითი მიზნებისთვის.
ბიომრავალფეროვნების კვლევასთან ერთად CaBOL-ი ახორციელებს ინვესტიციას ილიაუნის სასწავლო პროცესში – სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების კვლევაში, ასევე გაცვლით პროგრამებში ბიომრავალფეროვნების კვლევის მიმართულებით. სტუდენტებს აქვთ საშუალება, გაიფართოონ ცოდნა და დასპეციალდნენ ეკოლოგიის, გამოყენებითი გენეტიკის, ტაქსონომიის (სახეობათა აღწერის), ევოლუციური ბიოლოგიის, ტყის მეცნიერებისა და სახეობათა კონსერვაციის სფეროში სხვა ქვეყნების მეცნიერებთან თანამშრომლობით.