ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბიზნესის ფორმირება საქართველოს ცოდნის ეკონომიკაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ივლისს მასპინძლობდა მსოფლიო ბანკის infoDev პროგრამის, Nokia-სა და „ბიზნეს ინკუბაციის ინიციატივა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ სემინარს „მდგრადი ბიზნესის ფორმირება საქართველოს ცოდნის ეკონომიკაში“. სემინარი წარმოადგენდა ახალი პროგრამის პირველ ეტაპს, რომელსაც infoDev-ი კომპანია Nokia-სთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში იწყებს. პროგრამა მიზნად ისახავს ინოვაციების წახალისების მექანიზმების განვითარებას, მობილური ტექნოლოგიების ლაბორატორიების შექმნასა და სწრაფად მზარდი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ბიზნეს ინკუბატორების შესაძლებლობების განვითარების გზით.

სემინარში მონაწილეობდნენ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ყველა სექტორიდან, წარმოდგენილი იყო სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს სექტორი და ასოციაციები.

სემინარზე გამართული დისკუსიის ძირითად თემას წარმოადგენდა ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესების იდენტიფიკაციისა და მათი რელევანტური დახმარების პრობლემა. სემინარზე გამართულმა დიკუსიამ გამოავლინა მიდგომების მრავალფეროვნება და ყველა მონაწილე მხარის სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინსტრუმენტების შემუშავებაში. დისკუსიის შედეგები და საქართველოში არსებული პოტენციალის შეფასება წარედგინება infoDev-ის და Nokia-ს პროგრამის მმართველ ორგანოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ 2010 წლის სექტემბრისათვის, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოში პროგრამის  დაწყების შესახებ.

ბანერები