


ბიზნეს რევიუს ბრენდების ბაზრის კვლევა
ილიაუნი ბიზნეს რევიუმ მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩაატარა ტანსაცმლის ბრენდების ბაზრის კვლევა. კვლევის უმთავრესი მიზანი იყო, გამოევლინა განსხვავება ცალკეულ ორიგინალ ბრენდებზე რეგისტრირებულ მაღაზიებში დაფიქსირებულ ფასსა და ფალსიფიცირებულ ბრენდებზე ბაზრობებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის.
კვლევის მიხედვით, ტანსაცმლის ბაზარზე ბრენდების ფალსიფიკაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, წარმოდგენილი ანალიზი არის ტანსაცმლის ბრენდების ფალსიფიკაციის მასშტაბების შემდგომი კვლევის წინაპირობა.
კვლევის ფარგლებში ილიაუნი ბიზნეს რევიუმ შეისწავლა ოთხი ბრენდის – ლევისის, ნაიკის, ადიდასისა და პიერ კარდენის – ორიგინალი პროდუქციის ფასები რეგისტრირებულ მაღაზიებსა და ფალსიფიცირებული პროდუქციის ფასები ბაზრობებზე.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სტანდარტული ფასები და არა ფასები აქციების დროს. ამასთან, კვლევის დროს ერთმანეთს შედარდა ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მსგავსი ორიგინალი და ფალსიფიცირებული პროდუქტები მაღაზიებსა და ბაზრობებზე.
კვლევის გეოგრაფიული არეალი მოიცავდა მხოლოდ ქალაქ თბილისს.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობები ერთი და იმავე ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ მსგავს ორიგინალ და ფალსიფიცირებულ პროდუქციაზე მაღაზიებსა და ბაზრობებზე. მაგალითად, პიერ კარდენის ბრენდის შემთხვევაში საშუალო სხვაობა ფასში დაახლოებით 150 ლარს შეადგენს, ლევისის შემთხვევაში საშუალო სხვაობა ფასში დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში მერყეობს, ადიდასის ბრენდის შემთხვევაში საშუალო სხვაობა დაახლოებით 130 ლარის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო ნაიკის ბრენდის შემთხვევაში ეს სხვაობა საშუალოდ 250-300 ლარს უტოლდება.
რაც შეეხება მაქსიმალურ სხვაობებს: ლევისის შემთხვევაში მაქსიმალური სხვაობა ფიქსირდება ბიჭის პერანგზე და ის 275 ლარია, ადიდასის ბრენდის შემთხვევაში ფიქსირდება გოგოს მაისურზე და ის არის 357 ლარი, ნაიკის შემთხვევაში მაქსიმალური სხვაობა ფიქსირდება ბიჭის ფეხსაცმელზე და ეს სხვაობა 460 ლარს უტოლდება, ხოლო პიერ კარდენის ბრენდის შემთხვევაში მაქსიმალური სხვაობა დაფიქსირდა ასევე ბიჭის ფეხსაცმელზე და ის 230 ლარია.
გამომდინარე იქიდან, რომ ორიგინალი და ფალსიფიცირებული ტანსაცმლის ბრენდებზე ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება, ილიაუნი ბიზნეს რევიუს ერთ-ერთი მორიგი კვლევა შეეხება ტანსაცმლის ბაზრის ფალსიფიკაციის მასშტაბებს.
ილიაუნი ბიზნეს რევიუ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.