


”ბიზნეს ქეისებში” სტუდენტთა დაჯილდოება
15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ ”ბიზნეს ქეისებში” გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
2010 წლის მაისის და ივნისის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა სტუდენტური პროექტი ”ბიზნეს ქეისები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური თვითმმართველობა და ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ”მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი - FESC”.
”ბიზნეს ქეისებში” მონაწილეობდა ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისაგან დაკომპლექტებული 28 გუნდი, აქედან ფინალში 3 მოხვდა.
პირველ ადგილზე გასულ მაგისტრანტების გუნდ ”ჰორიზონტს” გადაეცა გარდამავალი თასი, სპეციალური დიპლომები, წიგნები და სხვა საჩუქრები. პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა ”ვისოლმა” და ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” თავიანთი რჩეულები და მათ მიერვე დაწესებული პრიზებით დააჯილდოვეს; ”GWP” – მ DVD ფლეერები გადასცა მესამე ადგილზე გასული გუნდის - ”Business Circles” ყველა წევრს; ხოლო კომპანია ”ვისოლმა” სპეციალური დიპლომები, მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ფანკლუბში გასაწევრიანებელი ბილეთები, მაისურები და კიდევ არაერთი სხვა საჩუქარი გადასცა მეორე ადგილზე გასულ გუნდს ”Creative Group”. ფინალისტები დასაჩუქრდნენ ”ვითიბი ბანკისგან” და ასევე, სხვა პარტნიორი კომპანიებისგან, კერძოდ: ”GD alco”, ახალი ეკონომიკური სკოლა ”საქართველო”, სტუდენტური მოძრაობა ”დავიათიანი” და სხვა.
პროექტი ”ბიზნეს ქეისები” არის ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას; ამასთანავე, პროექტი მონაწილეებს დაეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგვასა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ახალი სასწავლო წლიდან სტარტს აიღებს შეჯიბრი ”ბიზნეს ქეისებში” თბილისის ყველა უნივერსიტეტს შორის.