


ბიზნეს ქეისები 2012-ის დაჯილდოება
17 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2012 წლის ”ბიზნეს-ქეისების” კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით უკვე მესამე წელია, ხორციელდება პროექტი “ბიზნეს ქეისები”. პროექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ თამაშს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
წელს ”ბიზნეს-ქეისები 2012”-ში მონაწილეობა მიიღო როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების 48 გუნდმა, თითო გუნდი 5 სტუდენტისაგან შედგებოდა. „ბიზნეს ქეისები 2012“ გაიმართა 3 ტურად, ხოლო პირველი ტური - სამ ეტაპად.
განხილული იყო ქართული და უცხოური მაგალითების მიხედვით უნივერსიტეტის ლექტორების მიერ შემუშავებული ქეისები. ყველაზე მეტი გათამაშებული ქეისის ავტორ ლექტორებს გადაეცათ მადლობის სიგელები (გ.მიქანაძე, გ.აბაშიშვილი, ვ.ჩერქეზიშვილი, მ.სანიკიძე, ლ.ებრალიძე). გამარჯვებული გუნდები დაჯილდოებაზე გახდა ცნობილი. (იხ. თანდართული ფაილი)
პირველ ადგილზე გასულ გუნდს ”უხილავი ხელი” (ანა მჭედლიშვილი, მარიანა გაბუნია, ანა ხოსიაშვილი, ქეთი რუაძე, ანა ეგრისელაშვილი) გადაეცა გარდამავალი თასი, სპეციალური დიპლომები, წიგნები და სხვა საჩუქრები უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისგან, ასევე ერთთვიანი სტაჟირების უფლება თი-ბი-სი ბანკში. მეორე ადგილზე გავიდა „sunflowers“(მარიამ ზაალიშვილი, სალომე მჭედლიშვილი, თამთა ფეტელავა, ლიზიკო გოზალიშვილი, გვანცა ყიფიანი), რომლის ყველა წევრს გადაეცა სპეციალური დიპლომები, წიგნები და ერთთვიანი სტაჟირების უფლება ლიბერთი ბანკში, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ორი გუნდი ,,Green” (ნინო ჩიკვაიძე, ანა კვიტაშვილი, მაკა დოლიძე, გვანცა ასანიძე, თამუნა ზვიადაური) და „გროტო“(ანა ამირხანაშვილი, ანა გაგნიძე, მარიამ აფციაური, ნინო ბადაშვილი, ალექსანდრე ბიბლაია), რომლის ყველა წევრს გადაეცა სპეციალური დიპლომები, წიგნები.
გამარჯვებული გუნდების ყველა წევრს „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ გადასცა წიგნები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს დამატებით გადაეცა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლება, BPI-„ ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით“ დააჯილდოვა პირველ ადგილზე გასული გუნდი „უხილავი ხელი“ და თავისი ფავორიტი გუნდი „4+1“ (ანა კუნჭულია, ნინო კოპალიანი, ნინო ეზუგბაია, კონსტანტინე რევია, მაკა ლოქაბიძე).
ახალი სასწავლო წლიდან სტარტს აიღებს შეჯიბრი ”ბიზნეს ქეისები 2013” საქართველოს ყველა აკრედიტირებულ უნივერსიტეტს შორის.