


BG language-ის დაჯილდოება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპონსორობით ჩატარებული ინგლისური ენის ოლიმპიადის ,,ბი-ჯი ლენგვიჯ 2011“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა 5 თვითმმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა მე-3, მე-12 კლასის 10 000-მდე მოსწავლე. პროექტის ,,ბი-ჯი ლენგვიჯ 2011“ ორგანიზატორია ა/ო „ბიზნესის ჯგუფი“, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები. დიპლომები და სიგელები გადაეცემათ გამარჯვებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლას.
ინგლისური ენის ოლიმპიადა ,,ბი-ჯი ლენგვიჯ 2011“ ორი ეტაპისგან შედგებოდა. 4 დეკემბერს გაიმართა შესარჩევი ტური საქართველოს მასშტაბით, ხოლო 18 დეკემბერს გაიმართა ფინალი, რომელიც ჩატარდა თბილისში. ყველა კლასში გამოვლინდა I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. კონკურსის საპრიზო ფონდია 10 000 ლარი.
საქართველოს სკოლების მასშტაბით მე-3 დან მე-12 კლასის ჩათვლით პირველ ადგილოსანთა სია შემდეგნაირია: ლიკა გეგენავა (თბილისის ბრიტანულ-ქართული სკოლა), ლანა მარშანია (თბილისის სკოლა ”ბრითიშ ქონექშენი”), ნინო კალანდაძე (თბილისის 53-ე საჯარო სკოლა), ლუკა ღამბაშიძე (თბილისის 52-ე საჯარო სკოლა), ნატალია შერმაზანაშვილი (თბილისის 53-ე საჯარო სკოლა), ბაჩანა ანასაშვილი (თბილისის 52-ე საჯარო სკოლა), დათო წაქაძე (თბილისის 42-ე საჯარო სკოლა), ბექა კირტავა (თბილისის 42-ე საჯარო სკოლა), მარიამ მეფარიშვილი (თბილისის 151-ე საჯარო სკოლა), მერი ქაჯაია (თბილისის I გიმნაზია).