ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ილიაუნიში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ღონისძიება გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური სარდაფის ეზოში.

ღონისძიებაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საშუალება მიეცათ, გაეტარებინათ თავისუფალი დრო თანატოლებთან ერთად, რომლებიც ერთდროულად არიან როგორც მათი საბავშვო ბაღების, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრისა“ და „ბავშვთა ადრეული  განვითარების პროგრამის” აღსაზრდელები. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტ-ფსიქოლოგების მიერ საგანგებოდ მათთვის შერჩეულ აქტივობებში – ფერადი ცარცებით მოხატეს თეატრის ეზო, ითამაშეს სხვადასხვა სახის თამაშობები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის  სტუდენტები ზღაპრების გმირების განსახიერებით ცდილობდნენ განწყობა აემაღლებინათ შეკრებილი ბავშვებისთვის, ცეკვავდნენ და მღეროდნენ მათთან ერთად.

გარე აქტივობების დასრულების შემდეგ ყველამ ვაკის თეატრალურ სარდაფში გადაინაცვლა, სადაც ლიგამუსის თეატრალური წრის ბავშვებმა მათთვის წარმოადგინეს სპექტაკლი „ოზის ჯადოქარი“. ღონისძიების დასასრულს პატარა მსახიობებმა ფერადი ბუშტები უსაჩუქრეს კმაყოფილ მაყურებელს.

ღონისძიების ინიციატორი იყო ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის „განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრი“. ღონისძიება განხორციელდა სტუდენტური სერვის ცენტრის თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ბანერები