


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტების მიერ, განიხილეს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები სამთავრობო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო დონეზე.
მოხსენებით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები სიმონ ჯანაშია და ქეთი მაყაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები გია არსენიშვილი და კობა ხაბაზი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს უფროსმა თამარ მახარაშვილმა.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ”ძალადობა ბავშვებში და მოზარდებში”, ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები”, ”ობოლი და სოციალურად დაუცველი ბავშვები” და სხვა.