ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის პრეზენტაცია

6 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის ბაგა-ბაღების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამისა და ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერი გიგი უგულავა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი პიტერ ლანგენბერგი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები, რომელთაც თბილისის მერმა სიახლე პირადად გააცნო, მათ საშუალება ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ მერს და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

თბილისის მერიის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის ბაგა-ბაღებში აღზრდა-განათლების პროცესი ახალი პროგრამით წარიმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, შეიქმნა ახალი ყოველდღიური პროგრამა, რომელიც ბავშვის განვითარების სტანდარტებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ბავშვის სოციალური, ემოციური, შემეცნების, მეტყველების, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის დანერგვასთან დაკავშირებით დაიწყო ტრენინგები, რომელიც 5 თვის მანძილზე გაგრძელდება და თბილისის ბაგა-ბაღების მთელ პერსონალს მოიცავს. ტრენინგებს  ატარებს საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, ჰოლანდიის საელჩოს, მატრას პროგრამისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

მთელი წლის განმავლობაში პროგრამა გაივლის პილოტირებას, სასწავლო წლის ბოლოს თბილისის ყველა ბაღის დირექტორსა და მეთოდისტს ჩაუტარდება ტრენინგი პროგრამის დანერგვის საკითხებზე.

თბილისის ბაგა-ბაღების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სისტემისა და მომსახურების განვითარებისათვის, მერიის ინიციატივით, შეიქმნა მეორე დოკუმენტიც - ”ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგია”.

სტრატეგიის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა. დოკუმენტი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, კვება, ჰიგიენა, ჯანმრთელობის დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინკლუზია, ოჯახის მონაწილეობა სააღმზრდელო პროცესში, ფიზიკური და სოციალური გარემო და ა.შ დოკუმენტის ბოლო თავი ასახავს ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხის პრაქტიკაში განხორციელების სტრატეგიებს.

ბანერები