ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახლად აღმოჩენილი მღვიმე „უნდო 5“

ახალი ამბები

2014 წლის 8-10 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით, საველე სამუშაოების დროს აღმოაჩინა ახალი მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ახლად აღმოჩენილი მღვიმე წარმოადგენს მღვიმეთა იმ კომპლექსის ნაწილს, რომლებიც ათვისებული იყო შუა და ზედა პალეოლითური ეპოქებიდან (შუა პალეოლითი - 300000-40000 წწ-ის წინა პერიოდი, როცა ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები; ზედა პალეოლითი - 40000-10000 წწ-ის პერიოდი, როცა ცხოვრობდნენ ანატომიურად თანამედროვე ადამიანები, ჰომო საპიენს საპიენსები) შუა საუკუნეების ჩათვლით.

აღნიშნული კომპლექსი (ოთხი მღვიმის შემადგენლობით) ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა აღმოჩენილი საინჟინრო ფაკულტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. მღვიმეს შეუნარჩუნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერქმეული სახელი - „უნდო კლდე“ და იმავე სისტემის სხვა მღვიმეებსაც დაერქვა სახელები -„უნდო 2, 3 და 4“.

ახლად აღმოჩენილი „უნდო 5“ და მღვიმეთა მთელი ეს „მისტიკური“, უნიკალური კომპლექსი საჭიროებს კარგ სპელეოლოგიურსა და არქეოლოგიურ კვლევა-შესწავლას, რამაც სამომავლოდ შესაძლებელია საფუძველი შეუქმნას იმერეთის ამ რეგიონებში გეო, არქეო, სპელეო და, უბრალოდ, საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები