


ახალი თარგმანები ილიაუნის გამომცემლობისგან
რეი ბრედბერის ”ბაბუაწვერას ღვინო”, დიკ ფრენსისის ”სისხლიანი სპორტი” და ტერი პრატჩერის ”მაგიის ფერი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2010 წლის დასასრულს გამოსცა. წიგნების პრეზენტაცია 27 დეკემბერს ”ლიგამუსში” გაიმართა.
თარგმანზე მუშაობდნენ თამარ რეკკ-კოტრიკაძე, ქეთევან ქანთარია და ნინო მეუნარგია, რედაქტირება ეკუთვნით ნოდარ მანჩხაშვილს, ლალი ქადაგიძესა და ანდრო ბუაჩიძეს.
თუ რატომ შეარჩია გამომცემლობამ კონკრეტულად ეს ავტორები ქართულ ენაზე გამოსაცემად, ამის შესახებ პრეზენტაციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ ისაუბრა. ”ტერი პრატჩერის ”მაგიის ფერი” - ეს არის წიგნი როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. პრატჩერი, კითხვადობის მიხედვით, მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში, ხოლო მეშვიდეზე - მთელ მსოფლიოში და ალბათ ამანაც განაპირობა, გამოგვეცა ქართულ ენაზე. ჩვენ შევარჩიეთ ის ავტორები, რომლებიც ნაკლებად არის თარგმნილი და აკლია ქართულენოვან ლიტერატურას”, - განაცხადა რექტორმა.
”ბაბუაწვერას ღვინო” ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა რეი ბრედბერმა 1957 წელს გამოაქვეყნა და ეს მცირე რომანი რადიკალურად განსხვავდება ბრედბერისთვის დამახასიათებელი სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუშებისგან.
დიკ ფრენსისის ”სისხლიანი სპორტი” ცხენოსნობის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აღწერს; თავად ყოფილი ჟოკეი, ფრენსისი კარგად იცნობს სპორტის ამ სახეობას და მსუბუქი, ხალისიანი სტილით შექმნილ დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს მკითხველს. ფრენსისი ერთადერთი მწერალია, ვინც სამჯერ დაჯილდოვდა ამერიკის ედგარის პრიზით საუკეთესო რომანებისთვის.
ტერი პრატჩერი სამართლიანად მიიჩნევა განსაკუთრებული ჟანრის, ე. წ. ”კომედიური ფენტეზის” ფუძემდებლად. მისი ნაწარმოებები 36 ენაზეა თარგმნილი, ახლა კი ამ ენებს 37-ე, ქართულიც შეემატა.
ახალი თარგმანები უკვე იყიდება წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” და დაინტერესებულ მკითხველს ელოდება.