


ახალი სამაგისტრო პროგრამის გახსნა ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ახალი სამაგისტრო პროგრამა. 2- წლიან პროგრამას, რომელიც USAID-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების (G-PAC) პროექტის ფარგლებში არის დაფინანსებული, დღეს უკვე 24 მაგისტრანტი ჰყავს.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა სტეფან ჰაიკინმა, „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC)“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ფრონ ნაზიმ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიგი თევზაძემ.
საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მთელი სასწავლო გეგმა, კურსების სილაბუსები, პროგრამის პრაქტიკული და თეორიული კომპონენტები ჩამოყალიბდა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ამერიკელ პროფესორებთან ერთად, რაც პროგრამის სტუდენტისათვის იძლევა მაღალი აკადემიური ხარისხის გარანტიას.
პროგრამა სრულად პრაქტიკაზე და სტუდენტის კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული. სასწავლო პროცესის შემადგენელი კომპონენტებია პროფესიული სტაჟირება და საჯარო პოლიტიკის პროექტი, რომლებიც სტუდენტს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად გაეცნოს თანამედროვე საჯარო პოლიტიკის გამოწვევებს, მიიღოს რეალურ პრობლემებთან მუშაობის გამოცდილება და ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიან კადრად შრომით ბაზარზე.