


ახალი სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციის მენეჯმენტში
19 აპრილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა "ინფორმაციის მენეჯმენტის" პრეზენტაცია.
პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრების განვითარების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო ინფორმაციულ სისტემებთან თავსებადობას და ეფექტურად მართვას. ინფორმაციის მენეჯერი არის პიროვნება, რომელიც ინსტიტუციის კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე, სტრატეგიული ხედვისა და პროფილის შესაბამისად, გეგმავს და მართავს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციისა და გავრცელების პროცესებს.
ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს შემდეგმა ინსტიტუციებმა: საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ინოვაციური სისტემების ინსტიტუტმა, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN-მა.
მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი მხარეების მონაწილეობით განხორციელდება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროგრამების დახვეწა-განვითარება.