


ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. გიგი თევზაძე და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრმა დაათვალიერა ლაბორატორიაში წარმოდგენილი აპარატურა-დანადგარები და პირადად მიიღო მონაწილეობა ლაბორატორიაში ექსპერიმენტების ჩატარებაში ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ლაბორატორია შეიქმნა Tempus -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით 2010 წლიდან დაიწყო პროექტის „სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“ (SALiS) განხორციელება საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში. პროექტი დაფინანსებულია TEMPUS-ის გრანტის ფარგლებში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებას, ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევაზე დაფუძნებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, როგორც თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების ერთ-ერთ საფუძველს ბუნებისმეტყველების სწავლებაში კოგნიტიური უნარების ზედა დონეების დაძლევისთვის, საბუნებისმეტყველო კონცეფციების უკეთ შეცნობისა და ბუნებისმეტყველების არსის გაგების მიზნით.
როგორც ცნობილია, მასწავლებელი არის განათლების სფეროში მიმდინარე ყველა ინოვაციის ცენტრში. პროექტი მიზნად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვას სწორედ მასწავლებელთა ტრენინგების საშუალებით. ამ მიზნის მისაღწევად თითოეული მონაწილე ინსტიტუციისთვის შეიქმნა საბუნებისმეტყველო მასწავლებლების სატრენინგო მოდული. ტრენინგები ჩატარდება კვლევაზე დაფუძნებით. ეს მოდული შესაძლებელს გახდის სტუდენტთა და მოსწავლეთა სწავლების გაძლიერებას, ლაბორატორიული სამუშაოების წარმართვას ინოვაციური მიდგომებით, მაგ. კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიებით, ან ჯგუფური სწავლებით ლაბორატორიებში.