


ახალი მშენებლობების კვლევა - ფასების ანალიზი
25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევის - ‘’ახალი მშენებლობების კვლევა - ფასების ანალიზი“პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.
კვლევაში წარდგენილ იქნა ამომწურავი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე ე.წ. „ახალი მშენებლობების“ შესახებ, საცხოვრებელ და არაკომერციულ ფართებზე. უფრო კონკრეტულად, კვლევაში განიხილებოდა გეოგრაფიული მდებარეობის (თბილისის უბნების) მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე დაფიქსირებული ფასები.
კვლევის ფარგლებში ნაჩვენები იქნა სამშენებლო კომპანიების ერთგვარი რეიტინგი. შესწავლილი იქნა 39 სამშენებლო (ან მათთან დაახლოებული) კომპანია. შესაბამისად, კვლევის არეალში მოხვდნენ როგორც დიდი და ცნობილი, ისე ის სამშენებლო კომპანიები, რომელთაც შესაძლოა მხოლოდ ერთი სამშენებლო ობიექტი გააჩნდეთ.
კვლევა ჩატარდა 2012 წლის 20 მარტიდან 20 აპრილის პერიოდში.