


არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი ილიაუნიში
28 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიუ-იორკიდან ცნობილი არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი ეწვია. მათ ვორქშოფზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებს.
შეხვედრა გახსნა მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ადამიამ, რომელმაც ისაუბრა, თუ რა მნიშვნელოვანია მუსიკის ცენტრის სტუდენტთათვის პროფესიონალი მუსიკოსების ვორქშოფზე დასწრება.
შეხვედრაზე კვარტეტის რეპერტუარში შედიოდა როგორც სიმღერები ჯაზის ოქროს ხანიდან (1930-50 წწ), ისე საკუთარი კომპოზიციები, რომლებმაც საერთაშორისო ჯაზ-პრესის საყოველთაო აღიარება მოიპოვეს. კვარტეტმა სპეციალურად ქართული აუდიტორიისათვის საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ქართული ნაწარმოებები ”სულიკო” და ”თბილისო”. შეხვედრის ბოლოს მათ მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან ერთად შეასრულეს რამდენიმე კომპოზიციაც.
კვარტეტის მუსიკა შთაგონებულია ჯაზის უდიდესი ოსტატების - ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონისა და დიზი გილესპის მიერ, ხოლო დაკვრა კვარტეტის წევრებმა ნიუ-იორკის ჯაზის ცოცხალი ლეგენდებიდან ისწავლეს.
გარდა მეტად დატვირთული საკონცერტო ცხოვრებისა, ისინი ხელმძღვანელობენ ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს და თავს უყრიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსებს. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურულ წარმომადგენლებს, კვარტეტს 88 ტური აქვს ჩატარებული მსოფლიოს 40 ქვეყანაში.