ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

არაქართულენოვან აბიტურიენტთა ინტეგრაცია

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა მოამზადა. პროგრამის პრეზენტაცია 1 დეკემბერს ”ლიგამუსში” გაიმართა.

საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის თითქმის ერთი წელია, რაც უმაღლესი განათლების კანონმა განსხვავებული საკონკურსო წესი მიიღო.

”უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” (თავი მე-7, მუხლი 47) საფუძველზე, არაქართულენოვანი აბიტურიენტები მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე და ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ერთწლიან პროგრამაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გახდებიან ბაკალავრიატის სტუდენტები.

მიმდინარე სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ წესით ჩარიცხულ აბიტურიენტთა პირველი ჯგუფი მიიღო. ვენერა მანასიანი, ვუსალე ჯაფაროვა, რამილ ასლანოვი, არამ სუქასიანი, ნინა მარიკიანი და სარვან ყურბან ოღლი - ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას შეისწავლიან ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად. მათთვის უნივერსიტეტის პროფესორებმა (ეკა შავერდაშვილმა, თინათინ კიღურაძემ, ქუცნა ამირეჯიბმა, ირინა ლობჟანიძემ, ივლიტა ლობჯანიძემ, ნინო დობორჯგინიძემ, შუქია აფრიდონიძემ, მედეა როგავამ და დავით კიზირიამ) მოამზადეს ერთწლიანი პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების მიერ ქართული ენის ისეთ დონეზე  შესწავლა, რომ მათ შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება ქართულ ენაზე.

ყველა სტუდეტს ჰყავს პერსონალური კონსულტანტი, რომელიც ეხმარება მათ უნივერსიტეტის პროცესებში გარკვევასა და თანატოლებთან ურთიერთობების დამყარებაში.

ბანერები