


ALRAKIS პრეზენტაცია ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS პრეზენტაცია გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის რეგიონალური კოორდინატორია.
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
პრეზენტაციას უძღვებოდა ALRAKIS-ის კოორდინატორი კარლოს მაჩადო. გამომსვლელები იყვნენ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი. გამომსვლელებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამის მეორე აქტივობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის 2011 წელს დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიოტინგენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით შექმნილი კონსორციუმი.
კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:
- გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი
- ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
- ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია
- გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
- სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვედეთი
საქართველოდან პროექტში ჩართულია შემდეგი უნივერსიტეტები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტის რეგიონალური კოორდინატორი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი