


აკადემიური პერსონალის გადამზადება კვლევის მეთოდებში
10-24 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიზნესის სკოლის და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ილიაუნის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის გადამზადებას კვლევის მეთოდებში. აღნიშნული პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ჰოლანდიის საერთაშორისო განვითარების პროგრამა ნუფიკი (NUFFIC) უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორები ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორებს და მკვლევრებს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გარშემო საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ჯგუფური ტრენინგის გარდა, პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორებსა და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შორის. ამგვარი თანამშრომლობის მიზანი საერთაშორისოდ რეფერირებად და მაღალი იმფაქტის მქონე აკადემიურ გამოცემებში ერთობლივი პუბლიკაციების წახალისებაა.
პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ილიაუნის პროფესორები ჰოლანდიაში, მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში გაემგზავრებიან, სადაც ტრენინგის მეორე ეტაპი გაიმართება.