


აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“
აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ შეიქმნა 2015 წელს. პროექტის მიზანია თანამედროვე საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკონსტრუქციის ხელშეწყობა. ჟურნალი გამოცემულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოში.
ჟურნალის პირველ ნომერში შესულია ოთხი სტატია.
სამეცნიერო რედაქტორი: დავით დარჩიაშვილი
რედაქტორები: ნატა ვაჩეიშვილი, თეა ქიტოშვილი
სარედაქციო კოლეგია: დავით დარჩიაშვილი, ნოდარ ლადარია, გია ნოდია
„ახალციხე - ქართული ”იერუსალიმი”
დავით დარჩიაშვილი
ქალაქი, როგორც ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის გზაჯვარედინი, ნებისმიერი საზოგადოების ისტორიაში გამორჩეული მნიშვნელობისაა. ასეთთა შორისაა ახალციხე. იგი დღეს საქართველოს პროვინციული დასახლებაა, მაგრამ ისტორიულად, ახალციხეში განვითარებულმა მოვლენებმა არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მეზობელ ხალხთა თუ იმპერიათა ისტორიასაც დააჩნია კვალი. შესაბამისად, ახალციხის მდიდარი წარსული, როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე მისი რეგიონული სამეზობლოს თანამედროვე ყოფისათვისაა აქტუალური - ჩვენი კოლექტიური დღევანდელობა ხომ წარსულის ინტერპრეტაციებს და რეკონსტრუქციებს ეფუძნება. წინამდებარე სტატიის მიზანი ახალციხის მაგალითზე თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი და იდეური ფორმირების ისტორიის ჩვენებაა. ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ისტორია არ დასრულებულა და მისი ცივილიზებული წარმართვისათვის ახალციხური მრავალეთნიკური თუ მრავალკონფესიური ნარატივი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
„კავკასია და ოთხთა კავშირი: გაერთიანების ელიტარული მცდელობები“
გიორგი მამულია
1918 წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კავკასიის ხალხთა ისტორიაში. რუსული იმპერიის შემადგენლობაში არსებობის პროვინციული ფაზიდან გამოსვლისას, კავკასია მღელვარე საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაება, რამაც რეგიონის ხალხებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების შენების შესაძლებლობა მისცა.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების გაშუქებას: 1) ინტეგრაციული პროექტები, რომლებიც მოცემულ პერიოდში იქმნებოდა როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიის ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მიერ; 2) გერმანული და თურქული ფაქტორების როლი კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნაში; 3) რეგიონში გერმანულ-თურქულ-ბოლშევიკური ურთიერთდაპირისპირების ინსტრუმენტალიზაცია კავკასიური ელიტის მიერ; 4) ნავთობის ფაქტორის როლი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნის საქმეში.
„სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით“
ნოდარ ლადარია
სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომლის მხოლოდ მეორე, იტალიური ნაწილია შემორჩენილი, მე-18 საუკუნის პირველ მესამედში დაიწერა. ტექსტი მიეკუთვნება სამოგზაურო ჩანაწერების ან დღიურის ჟანრს და განსაკუთრებულია იმით, რომ წარმოადგენს „გააღმოსავლეთებული“ ქართველის თვალით დანახულ ევროპას. ავტორი ორბელიანის თხზულებას ევროპული სამოგზაურო ნარატივების თანდათანობით განვითარების კონტექსტში სვამს და ყურადღებას ამახვილებს ტექსტის ისეთ თავისებურებებზე, როგორებიცაა: აღსაწერი ფაქტების შერჩევის სტრატეგია; მთხრობელის პოზიციონირება ნარატივის ობიექტის მიმართ; არანარატიული (რიტორიკული) ელემენტების რაოდენობა და ფუნქცია.
„თბილისი იყო ურთიერთობა“
მარიამ მათიაშვილი
აღნიშნული სტატია აკადემიურად ხსნის თბილისელობის აპოლოგეტიკის ამსახველ კლიშეს -„თბილისი იყო ურთიერთობა“. ავტორი იკვლევს მისი გაჩენის წინაპირობებს, რეალობასთან კავშირსა და მწარმოებელ პრინციპებს. ამასთან, მე-20 საუკუნის 50-80-იანი წლების თბილისი განხილულია სპეციალურ ლიტერატურაში მოცემული ურბანული და რურალური საცხოვრისის სოციო-კულტურულ სტანდარტებთან მიმართებაში.
ავტორი ამტკიცებს, რომ საბჭოთა თბილისი არ წარმოადგენდა ქალაქს დასავლური გაგებით და თავისი სოციო-კულტურული სტრუქტურით მეტად ჰგავდა სოფელს; რომ კლიშეში - „თბილისი იყო ურთიერთობა“ - აირეკლებოდა ქალაქის ცენტრში მცხოვრები პრივილეგირებული ფენის ცხოვრების წესი. ის გულისხმობდა ჩაკეტილობისაკენ მიდრეკილ წრეში ჩამოყალიბებულ, ლოიალობასა და პატივისცემაზე დამყარებულ კავშირს, რაც ნაკლებად ვრცელდებოდა ამ წრის გარეთ დარჩენილ ინდივიდებზე და, ამდენად, უნივერსალურ ურბანულ საზოგადოებაზე მეტად, სოფლის ერთობას განასახიერებდა.