ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აღმოჩენა მარტვილის მუზეუმში

მარტვილის მუზეუმის მონახულებისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლებმა პალეოლითის დროინდელი, ე.წ. აშელის პერიოდის რამდენიმე ნივთი აღმოაჩინეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშელური ძეგლები იშვიათად გვხვდება. 

აშელი ეწოდება არქეოლოგიურ ინდუსტრიას, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ ადამიანებს, ძირითადად ჰომო ერექტუსებს და რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა პალეოლითის ეპოქაში. აშელის ქრონოლოგია 1 მლნ წლის წინ  (დაახლოებით 1,5-1,2 მლნ წწ) იწყება და სრულდება დაახლოებით 100000 წწ-ის წინ, თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ეს ეპოქა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. 

საქართველოს ტერიტორიაზე სულ 3 აშელური ძეგლია სტრატიფიცირებული და შესაბამისად, მაღალი მეცნიერული ღირებულების მატარებელი. ეს ძეგლებია წონას მღვიმე, კუდარო I და კუდარო III. ეს მღვიმეები მდებარეობენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჯავის რ-ში და დღეისთვის იქ მუშაობა შეუძლებელია, თუმცა ეს ძეგლები საკმაოდ კარგად ისწავლებოდა და გაგვაჩნია გარკვეული თარიღები და ასევე, მოსაზრებები მათ ასაკთან დაკავშირებით (1 მლნ-350000წწ).

სამეგრელო, კოლხეთის დაბლობი და მთისწინა ზოლიც ფაქტიურად შეუსწავლელია ძველი ქვის ხანის კუთხით. გარკვეული მასალა მხოლოდ შემთხვევითი აღმოჩენების საფუძველზეა შეკრებილი. ეს მასალა ინახება მარტვილის მუზეუმში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფმა მოინახულა 2010 წლის 10-12 დეკემბერს. ამ მივლინების მიზანი მუზეუმის თანამშრომელთათვის დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა იყო. 

მუზეუმში ვიზიტისას და კოლექციების მოწესრიგების დროს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ფონდში დაცული მეტად საინტერესო ნივთები აღმოაჩინეს - ორი აშელური ხელცული (სავარაუდოდ, შუა ან ფინალური აშელური ეპოქის), რამდენიმე შუა პალეოლითური ლევალუაზური ლამელა და ერთი წაგრძელებული უნიპოლარული, რეტუშირებული ლამელა. ეს უკანასკნელი ტიპოლოგიურად მიეკუთვნება ადრეულ შუა პალეოლითს (300-130000 წწ). 

ის, რომ სამეგრელოს რეგიონში პირველად დადასტურდა აშელური და ადრეული შუა პალეოლითური ნივთების არსებობის ფაქტი,  გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია თავად არქეოლოგიური, დაუზიანებელი, სტრატიფიცირებული ძეგლის მოძიებაც. რეგიონი ფაქტიურად შეუსწავლელია არქეოლოგიური კუთხით, რაც დიდ იმედს ტოვებს, რომ ახალი ძეგლების აღმოჩენა შესაძლებელია.

ბანერები