


აფთიაქების ბაზრის კვლევის შედეგები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „აფთიაქების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ გამოსაკვლევად შეირჩა თბილისში შედარებით მსხვილი და ქსელური აფთიაქები, ესენია: „ავერსი“, „PSP“, „GPC“, „City Pharma“ და „ფარმაცენტრი“, „ფარმადეპო“, „ნეოფარმი“, „36,6“, სახალხო აფთიაქი“, „ფარმაგიდი“.
კვლევა მიზნად ისახავდა, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის ერთსა და იმავე წამალზე დადგენილ იყო ფასები და განხორციელებულიყო მათი შედარებითი ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს ყველაზე იაფად და რომელი აფთიაქი – ყველაზე ძვირად. დაგეგმილია კვლევის შედეგების მიწოდება საზოგადოების ფართო წრეებისათვის.
კვლევის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა ე.წ ”ყველაზე იაფიანი” და ”ყველაზე ძვირიანი” აფთიაქები. შესაბამისი თანმიმდევრობით და პროპორციებით, საერთო მოცულობაში წამლების რაოდენობების ფიქსირების მიხედვით, აფთიაქები შემდეგნაირად განისაზღვრა: I ადგილი - ”ფარმადეპო” (24.0%); II ადგილი - ”PSP” (20.5%); III ადგილს ინაწილებენ ”სახალხო აფთიაქი”, ”ფარმაცენტრი” და ”ავერსი” (18.5%). ”ყველაზე ძვირი” აფთიაქები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ”36,6” (40.5%); II ადგილი - “ნეოფარმი” (35.2%); III ადგილი - ”ფარმაგიდი” (24.3%).
„ილიაუნი ბიზნეს რევიუში“ აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით მიიღება შემდეგი სურათი: „თუ ე.წ. „ყველაზე იაფიან“ აფთიაქებში ოჯახი ჩვენ მიერ შერჩეულ ხშირად მოხმარებული წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შესაძენად ე.წ. „ყველაზე ძვირიანი“ აფთიაქი ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს“.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაციები უკვე დინამიკაში იქნება საზოგადოებისათვის მიწოდებული, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ინტერესის და საქმიანობის სფეროა მაკრო–მიკროეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.