ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

5 ახალი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში

გერმანულ სახლში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების დირექტორმა ფრენკ ფლაშემ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში DAAD-ისა და GIZ-ის  მხარდაჭერით ახალი საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამები დაინერგება. პროგრამები მოიცავს სხვადასხვა აკადემიურ კვალიფიკაციას.

შეხვედრაზე აღნიშნული სამაგისტრო პროგრამების მცირე პრეზენტაცია წარმოადგინეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დავით თარხნიშვილმა და ეკოლოგიის ინსტიტუტის მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების კოორდინატორმა იოაჰიმ პუჰემ. ახლად წამოწყებულ თანამშრომლობაზე საკუთარი აზრი გამოთქვეს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ხუთი საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამის შესწავლა – მეცნიერებათა მაგისტრი (MSc) ეკოლოგიის, მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში.  პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან დასავლური უნივერსიტეტების პროფესორები.

მემორანდუმის მიზანია გარემოსდაცვითი ფაკულტეტების პოპულარიზაცია და  უმაღლესი განათლების გაუმჯობესება ეკოლოგიისა და მეტყევეობის დარგების მიმართულებით.

ბანერები