


2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია
ახალი ამბები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის ფინალისტები დასახელდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ეროვნული ჯილდოს ფინალისტები კონკურსის მხარდამჭერებმა დაასახელეს. ესენი არიან:
- ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
- ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახ. ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური, გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.
კონკურსი, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება, მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოქროს სპონსორის სტატუსით ყოველწლიურად სპეციალურ პრემიას გადასცემს ფინალისტთაგან გამორჩეულ ერთ მასწავლებელს.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გამარჯვებულს 15 000 ლარს გადასცემს.
ოქროს სპონსორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლიბერთი ბანკი.
სპონსორები არიან- EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ჯილდოს მხარდამჭერები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. კონკურსი მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პედაგოგის წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
2023
გალერეა