


20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
2011 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი შესრულდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ატლანტიკური საბჭოსა და ევროპის სახლის ინიციატივით, 10-11 დეკემბერს სასტუმროში ”ჰოლიდეი ინ” გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ისტორიული კონტექსტი და სტრატეგიული პერსპექტივები”.
კონფერენცია გახსნა ლიტვის პირველმა პოსტსაბჭოთა პრეზიდენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ ვლადიმერ ბუკოვსკი, ცნობილი რუსი დისიდენტი და მწერალი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია. პირველ პანელში მომხსენებლებმა ისაუბრეს საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე და განიხილეს ეს მოვლენა ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების ჭრილში. ასევე, შეეხნენ ბალტიის ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებას და გააანალიზეს ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარუმატებლობის მიზეზები დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.
მეორე პანელის მომხსენებლები იყვნენ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, CATO-ს ინსტიტუტის მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ტიმოტი კ. ბლაუველტი. მათი მოხსენებების ძირითადი თემა იყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა და დღეს არსებული ვითარება. მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ტრანსფორმაციაზე, რომელიც განიცადეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა 1990-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე და დასავლეთის როლზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიიზაციის პროცესში.
მესამე პანელის თემა იყო პოსტკომუნისტური მსოფლიო და ის გამოწვევები, რომელიც დგას პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე. ძირითადი სადისკუსიო თემები იყო ნატოს და ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიული შედეგები და ევროკავშირის ისეთი გამოწვევები, როგორიც არის თავისუფლება, კონფლიქტები და ეკონომიკური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მოლდოვეთს. მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ ორი ქვეყნის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. მესამე პანელის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გიგა ბოკერია, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდროს პიტერსენი, ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი.
კონფერენციის მეოთხე და დასკვნითი პანელის ძირითადი თემა იყო კავკასია და რეგიონის სტრატეგიული პერსპექტივები. მომხსენებლებმა გაამახვილეს ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონში არსებული მდგომარეობა საბჭოთა რეჟიმის ნგრევის შემდეგ, თანამედროვე კავკასიის ძირითადი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. მომხსენებლები იყვნენ სომხეთის რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი, ცენტრალური აზიის და კავკასიის ექსპერტი მარია ბენინგსენ-ბროქსაფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჰეიდარ მირზა და კავკასიური კვლევების ასოციაციის პრეზიდენტი მაირბეკ ვაჩაგაევი.