სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოკრატეს კლუბის პირველი დისკუსია: ხანუმ ჯეირანოვას საქმის განხილვა

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ხანუმ ჯეირანოვას საქმის განხილვას.

2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს ხანუმ ჯეირანოვა. თვითმკვლელობას წინ უძღოდა თანასოფლელებისა და ნათესავების მხრიდან სახალხოდ შეურაცხყოფა. ჯეირანოვას ქმრის ღალატში სდებდნენ ბრალს და ღირსების აღდგენის სახელით ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

ამ საქმეზე გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №C/80/D/140/2019 დაასკვნა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას დაცვა და შესაბამისი გამოძიება ქალის მიმართ გენდერული ნიშნითა და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რამაც მისი თვითმკვლელობა გამოიწვია.

სოკრატეს კლუბი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ახალი პროექტი, მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და საინტერესო გადაწყვეტილებათა ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში და მათზე დისკუსიების წარმართვას, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებისა თუ სასამართლო სისტემის მეტად დაახლოებას.

შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდით, რომელიც შესაბამისი კითხვებისა და აქცენტების დასმით პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი მოგვარების გზების ძიების საშუალებას მოგვცემს.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

მომხსენებლები:

ეკატერინე ლომთათიძე, ნინო ანდრიაშვილი – იურისტები, ორგანიზაცია „საფარი“

მოდერატორი:

ხატია ცეცხლაძე – ადამიანის უფლებათა მიმართულების სოკრატეს კლუბის კოორდინატორი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 11 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2022 წელი

ბანერები