სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანის ვიზიტი კიევში

ახალი ამბები

2 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა კიევის ეკონომიკურ სკოლაში (https://kse.ua/) წაიკითხა საჯარო ლექცია „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად“. მომხსენებელმა ისაუბრა უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევებზე ქმედუნარიანი და დამოუკიდებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების შესაქმნელად, შეადარა ორი ქვეყნისა და საერთაშორისო გამოცდილება, მიმოიხილა კონკრეტული სასამართლო საქმეები. შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიას. ბმული: https://shorturl.at/xFGR1

3 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიევ-მოჰილის აკადემიაში წაიკითხა საჯარო ლექცია „საკონსტიტუციო სასამართლოების გავლენა ეროვნული კანონმდებლობის განვითარებაზე: საქართველოს მაგალითი". 

4 ოქტომბერს  გიორგი პაპუაშვილს კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლეს უნივერსიტეტის პრორექტორმა ქსენია სმირნოვამ და იურიდიული, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფო მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, განსაკუთრებით სამართლებრივი მიმართულების პროგრამებს შორის, ერთობლივი კვლევების, სასწავლო პროგრამების, სემინარებისა და კონფერენციების თუ საზაფხულო სკოლების ორგანიზების კუთხით.  

იმავე დღეს გიორგი პაპუაშვილი შეხვდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის, რაზუმოვსკის ცენტრის პრეზიდენტს, იური იაკიმენკოსა და ცენტრის წამყვან სამართლის მკვლევრებს. შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული სრულმაშტაბიანი ომის ფონზე, ასევე კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის განვითარების როლზე საერთო უსაფრთხოების კონტექსტში.

მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე სამართლის კვლევების კუთხით. 

5 ოქტომბერს კი შეხვდა კიევ-მოჰილის აკადემიის პრეზიდენტს, სერჰი კვიტს. მასთან და სამართლის სკოლის დეკან ვოლოდიმირ ვენჰერთან ერთად განიხილა სკოლებსა და ორივე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.

6 ოქტომბერს ილიუნის სამართლის სკოლის დეკანმა  სპიკერის რანგში მონაწილეობა მიიღო ეუთოსა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ მარიუპოლის მეორე კონსტიტუციურ ფორუმში „მომავლის ხედვები: უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისა და ევროინტეგრაციის კონსტიტუციური განზომილება“.

2023

 

 

ბანერები