საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

წიგნის „საქართველოს ბუნებრივი ტყეები (სამხრეთ კავკასია)“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება წიგნის „საქართველოს ბუნებრივი ტყეები (სამხრეთ კავკასია)“ (“Natural Forests of Georgia (the South Caucasus“) პრეზენტაცია.

წიგნი ეძღვნება საქართველოში ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ბუნებრივი/ბუნებრივთან ახლოს მდგომი ტყეების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლას. მასში წარმოდგენილია ფიტოსოციოლოგიური და სატყეო კვლევების ანგარიშების საფუძველზე თავმოყრილი დიდძალი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტყის ძირითად ფორმაციებს. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია იშვიათ, რელიქტურ ტყეებსა და ისეთ ეკოსისტემებზე (მაგალითად, ტყის ზედა საზღვრის ეკოტონზე), რომელთა მეტ-ნაკლები ტრანსფორმაცია მოსალოდნელია კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილების შედეგად.

წიგნს წარადგენენ: პროფესორი გია ნახუცრიშვილი, რომელიც ისაუბრებს საქართველოს ტყეების შესახებ, პროფესორი ოთარ აბდალაძე, რომელიც აუდიტორიას წიგნის სტრუქტურასა და მოკლე შინაარსს გააცნობს.

სიტყვით გამოვლენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი, კომპონენტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia" ხელმძღვანელი დოქტორი ქრისტიან გიონერი, დისტანციურად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები, დოქტორები ლუც ფაესერი და დრაგან მატიასიჩი.

საველე კვლევები ჩატარებულია და წიგნი გამოცემულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia"-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

წიგნი განკუთვნილია: ბოტანიკოსებისთვის, ეკოლოგებისთვის, მეტყევეებისთვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვა წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ბუნების მკვლევართათვის და მოყვარულთათვის, უნივერსიტეტების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 12 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები