საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Springer-ის ახალი გამოცემა საქართველოს გეომემკვიდრეობის შესახებ

ახალი ამბები

გერმანული საერთაშორისო გამომცემლობა Springer Nature-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით გამოიცა ახალი სამეცნიერო წიგნი „საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობა: კავკასია“ (Geoheritage of Georgia: The Caucasus).

წიგნის რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ოქროსცვარიძე და ამერიკელი გეოლოგი, გეომემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ თორმი (Daniel Tormey).

წიგნი საქართველოს უნიკალური გეოლოგიური მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველი მცდელობაა. მასში განხილულია ქვეყნის გეოლოგიური ისტორია და მრავალფეროვნება, კავკასიონის მთათა სისტემის ფორმირება, ვულკანური პროცესები, მყინვარები, მღვიმეები, მდინარეთა ხეობები და სხვა გამორჩეული გეოლოგიური ობიექტები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, გეოტურიზმის განვითარებასა და საქართველოში UNESCO-ს გლობალური გეოპარკების შექმნის პერსპექტივებს, ასევე ბუნებრივი ლანდშაფტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირს.

წიგნი აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო მკვლევრების გამოცდილებას და საქართველოს გეოლოგიურ მემკვიდრეობას თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო კონტექსტში წარმოაჩენს. მასში ასევე შემოთავაზებულია საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის საკვანძო ტერიტორიების (Key Geoheritage Areas) გამოვლენისა და შეფასების კრიტერიუმები, რაც ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

წიგნი 218 გვერდიანია და მოიცავს 26 თავსა და 175 ილუსტრაციას. გამოცემულია Springer-ის სამეცნიერო სერიით Geoheritage, Geoparks and Geotourism.

წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მკვლევრები: ავთანდილ ოქროსცვარიძე, ლაშა სუხიშვილი, ზურაბ ჯავახიშვილი, გიორგი ბოიჩენკო, რაბი გაბრიელაშვილი, სალომე გოგოლაძე, ზურაბ ჯანელიძე.

წიგნის ოფიციალური გვერდი: https://doi.org/10.1007/978-3-032-27639-1

2026

ბანერები