საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მთის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

12 დეკემბერს კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელმა პარტნიორებთან ერთად Heritage Resource Center-ში აღნიშნა მთის საერთაშორისო დღე. ამით აღიარეს ის დიდი წვლილი, რომელიც ერთობლივად შეიტანეს მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასა და 2022 წლის მთის დღის გლობალურ წესრიგში.

გაიმართა პრეზენტაციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მდგრადი კავკასიის მიერ ჟენევის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შემუშავებული კატასტროფების შემცირების მართვის უმაღლესი განათლების ცოდნის ცენტრისა და საქართველოს მთიან რეგიონებში ქალთა გაძლიერებისთვის ხელნაკეთი პროდუქტის შემუშავების, ასევე საქართველოსა და შვეიცარიის მდგრადი მთის განვითარების სასწავლო კურსისა და მთიან რეგიონებში ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული ეროვნული პროდუქტების შესახებ.

აღინიშნა ქალების როლიც მთიან რეგიონში გარემოს დაცვასა და სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში – ქალები, როგორც მთის რესურსების პირველადი მენეჯერები, ბიომრავალფეროვნების მცველები, ტრადიციული ცოდნის მესაკუთრეები და ადგილობრივი კულტურის დამცველები.

გაიმართა პრემიერა National Geographic Georgia-ის დოკუმენტური ფილმისა „გზაზე“, რომელიც მოგვითხრობს თუში მწყემსების მძიმე სეზონურ მიგრაციასა და ცხოვრების წესზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი დანიელ მეუული მონტელეონე, მეცნიერები, სამთავრობო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სათემო და ეროვნული საინიციატივო ჯგუფის წევრები.

მონაწილეებმა დაათვალიერეს NACRES-ის მიერ გამართული ვიდეოხაფანგების ფოტოგამოფენა, შეიძინეს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელით ნაკეთობები და დააგემოვნეს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ELKANA-ს მიერ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოწოდებული ჯანსაღი პროდუქტები.

2022 წელი

ბანერები