ილიაუნის პროფესორის, დავით თარხნიშვილის წიგნის „ევოლუციის რეკონსტრუქცია: როგორ გავაერთიანოთ გენეტიკა და ეკოლოგია“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დავით თარხნიშვილის წიგნის "Reconstructing Evolution: How to Combine Genetics with Ecology" („ევოლუციის რეკონსტრუქცია: „როგორ გავაერთიანოთ გენეტიკა და ეკოლოგია“, გამომცემლობა World Scientific) პრეზენტაცია.
ავტორი განხილავს ძირითად კონცეფციებს, ხშირად დასმულ საკითხებსა და თანამედროვე ანალიტიკურ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ევოლუციურ კვლევებში, ეკოლოგიაში, გენეტიკასა და ბიოგეოგრაფიაში.
მკითხველი ეცნობა სამეცნიერო დაკვირვებისა და კვლევის სრულ პროცესს – დეტალურ დაკვირვებას ბუნებრივ პირობებში, სამეცნიერო ჰიპოთეზების ჩამოყალიბებასა და დახვეწას, საველე სამუშაოების ორგანიზებას, ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და შედეგების რაოდენობრივ ანალიზს.
წიგნში წარმოდგენილია ზოოლოგების, ბოტანიკოსებისა და ფიზიკური ანთროპოლოგების მიერ დასმული კლასიკური კითხვები – ფილოგენეტიკური კავშირების რეკონსტრუქცია, სახეობათა წარმოშობის ადგილის დადგენა, ადაპტაციური ლანდშაფტები, ევოლუციური ცვლილების ფარგლები და შეზღუდვები, რეაქციის ნორმების ინტერპრეტაციის სირთულე.
ნაშრომი ეყრდნობა 45-წლიან კვლევით გამოცდილებას. მასში ნაჩვენებია, რამდენადაა შესაძლებელი მნიშვნელოვანი და ორიგინალური აღმოჩენები შეზღუდული მატერიალური რესურსების პირობებში.
წიგნი გამოსადეგია ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, მოყვარული ნატურალისტებისა და ევოლუციური ეკოლოგიისა და ზოოლოგიის სფეროში მომუშავე ბიოლოგებისთვის.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.worldscientific.com/worldscibooks/10.1142/q0612#t=aboutBook
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 12 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026