საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ბიძინა კაპანაძის სამეცნიერო სტატიები MDPI-ს მაღალრეიტინგულ გამოცემაში გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასტრონომია-ასტროფიზიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ბიძინა კაპანაძის ორი მიმოხილვითი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა MDPI-ის (Multidisciplinary Digital Publishing Institute; ბაზელი, შვეიცარია) მაღალრეიტინგულ გამოცემაში Galaxies (იმპაქტფაქტორი: 3.8).

 „ახლომდებარე HBL-ობიექტების თვისებები სპექტრის ტერაელექტრონვოლტ-დიაპაზონში“ (TeV-Band Properties of Nearby HBLs)

ნაშრომში მიმოხილულია ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებული სამყაროს ყველაზე მაღალსიხშირულ ფოტონთა გამომსხივებელი ობიექტები – მაღალენერგიული სინქროტრონული პიკის მქონე (HBL) ლაცერტიდები, რომლებიც წარმოადგენენ ელიფსური გალაქტიკების აქტიურ „გულებს“ და „თანამოძმეებთან“ შედარებით ახლოს იმყოფებიან (ჩვენგან დაშორებული არიან 426 მილიონი – 1.31 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე).

სტატიაში გაანალიზებულია მათი სპექტრული თვისებები, გამოსხივების ნაკადის ცვალებადობა, შესაძლო წარმომშობი ფიზიკური მექანიზმები და გამოსხივების სპექტრული განაწილების მოდელირების შედეგები.

პუბლიკაციის თანაავტორია ბიძინა კაპანაძის ყოფილი სამეცნიერო ხელმძღვანელი და ამჟამინდელი კვლევითი პარტნიორი, დოქტორი სტეფანო ვერჩელონე (ბრერას ობსერვატორია, მილანი, იტალია).

„HBL-ობიექტების გამოსხივების ნაკადისა და სპექტრული ცვალებადობა სპექტრის 0.3-10 კილოელექტრონვოლტ-დიაპაზონში“ (Flux and Spectral Variability of High-Energy-Peaked BL Lacertae Objects in the 0.3–10 keV Band)

პუბლიკაციაში დეტალურადაა წარმოდგენილი და გაანალიზებული ნებისმიერ მანძილზე მყოფი HBL-ობიექტების რენტგენული გამოსხივება (სპექტრის 0.3-10 კილოელექტრონვოლტ-დიაპაზონში), ასევე მისი სპექტრული და დროითი ცვალებადობა.

ნაშრომში განხილულია გამომწვევი არასტაციონარული მექანიზმები, სხვადასხვა სახის ფიზიკური ინტერპრეტაცია და სამომავლო დაკვირვებითი თუ თეორიული მოდელირების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვაში დღემდე არსებულ კვლევებთან ერთად გამოყენებულია ავტორის  ორიგინალური შედეგები აქამდე მწირად შესწავლილი ექსტრემალური თვისებების მქონე HBL-ობიექტების შესახებ.

სტატიების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

2026

 

ბანერები