საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ კლემენ იერინას საჯარო ლექცია „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“

ღონისძიებები

9 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კლემენ იერინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“.

მურა დათვს შეუძლია გადარჩეს განსხვავებულ გარემო პირობებში – მონღოლეთის კლდოვანი უდაბნოებიდან  ჩრდილოეთის ტუნდრამდე, თუმცა მისი ამჟამინდელი გავრცელების მთავარი და ხშირად ყველაზე შემზღუდველი ფაქტორია ადამიანთან კონფლიქტი. წარმატებული და გრძელვადიანი კონსერვაციის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სწორედ ამ კონფლიქტების ეფექტური პრევენციაა.

მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სლოვენიის მაგალითს,  სადაც კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმჭიდროვის მქონე მურა დათვის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შენარჩუნება. შეხვედრის მიზანია დათვების ეფექტური კონსერვაციული მართვისა და მონიტორინგის სისტემების ჩვენება და აღნიშნული მიდგომების საქართველოსა და ფართო კავკასიის რეგიონში გადმოტანის (ტრანსფერის) შესაძლებლობათა განხილვა.

პრეზენტაციის ძირითადი თემები

  • ადამიანსა და დათვს შორის არსებული სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებისა და მათი გამომწვევი მიზეზების მიმოხილვა;
  • კონფლიქტების პრევენციული ღონისძიებები (ორგანული ნარჩენების, შინაური ცხოველებისა და საფუტკრეების დაცვა, მეცხვარე ძაღლების გამოყენება, ყურადღების გადამტანი გამოკვება და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება);
  • სამართლებრივი დებულებები, განხორციელების მეთოდები და სელექციური ნადირობის (Culling – ველური ბუნებიდან ცალკეული ცხოველების სამიზნედ შერჩევა) ეფექტურობა სახეობის გრძელვადიანი კონსერვაციის უზრუნველსაყოფად.

დოქტორი კლემენ იერინა ლუბლიანის უნივერსიტეტის ბიოტექნიკური ფაკულტეტის (სატყეო საქმის დეპარტამენტი) სრული პროფესორია. მისი კვლევის სფეროა მონიტორინგის მეთოდებისა და გეოინფორმაციული სისტემების (GIS) განვითარება, ველური ბუნების ადაპტური მართვის მიდგომებსა და ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის არსებული კონფლიქტების შემცირების სტრატეგიები. პროფესორი იერინა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის მსხვილი მტაცებლების ინიციატივის წარმომადგენელი და დათვების შემსწავლელ სპეციალისტთა ჯგუფის წევრია. მას აქვს სახეობების დაცვის ევროპული სამართლებრივი ჩარჩოსა და გლობალური მართვის სისტემების საფუძვლიანი ცოდნა და უდიდესი გამოცდილება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მართვის გეგმების შემუშავებაში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები